''შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე''

ავტორი: ბექა ნიკიფი, თორნიკე კუბლაშვილი, გიორგი ჯვარშეიშვილი
ფართობი: 34750 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
''შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე''
ავტორი: ბექა ნიკიფი, თორნიკე კუბლაშვილი, გიორგი ჯვარშეიშვილი
ფართობი: 34750 m2

მდებარეობა: საქართველო, თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა

შესავალი / საკონკურსო მოცემულობას წარმოადგენს საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსის კონცეფცია უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარედ. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და ახლად აშენებულ სპორტულ კომპლექსს შორის. საპროექტო არეალის ხასიათის განვითარება მოხდა მოცემული გენერალური გეგმის ხაზოვან სტრუქტურაზე დაყრდნობით. სწორი მასშტაბის, პროპორციებისა და სახასიათო მოცულობის შერჩევით წარმოქმნილი სტრუქტურა მოიაზრება, ერთის მხრივ არსებული სტუდქალაქის გაგრძელებად, მეორეს მხრივ კი ახალი საცხოვრებელი უბნის მთავარ მისამართად. სივრცობლივი განაწილება და მასშტაბი / უკვე არსებული შენობების გაბარიტებიდან გამომდინარე, შეირჩა მსხვილი მასშტაბის მოცულობები, ხაზოვანი სტრუქტურით ქუჩასთან მიმართებაში. ამდაგვარი მოცულობითი განაწილებით გამოიყო გრძივი სივრცე შენობებს შორის, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ბიბლიოთეკას და ფუნქციურ-სივრცობრივი თვალსაზრისით სტუდქალაქის პირდაპირი გაგრძელება არის. ის სრულიად გამოთავისუფლდა ავტომობილებისგან, რადგანაც მას აქვს პოტენციალი გახდეს საინტერესო და მიმზიდველი სივრცე სტუდენტებისა და მაცხოვრებლებისთვის. ჩვენი აზრით, ის უნდა იყოს იმ საცხოვრებელი უბნის მთავარი მისამართი, რომლის აშენებაც სამომავლოდ საპროექტო ტერიტორიის სამხრეთით იგეგმება. შიდა ეზო / შიდა ეზო ხასიათით არის ქალაქური ტიპის სივრცე, რომელიც სხვადასხვა აქტივობებისათვის არის გათვალისწინებული. იგი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც ადამიანების ყველა ჯგუფისთვის შეკრების ადგილი იქნება. მის ქვემოთ მდებარე ავტოფარეხის დაგეგმარება მოხდა ისე, რომ ეზოს ქვემოთ დარჩენილიყო დიდი ზომის მიწის ზოლი ნარგავებისთვის. შენობების პარალელურად განთავსებული ნარგავები აუმჯობესებს გარემოს და აქცევს ეზოს მყუდრო სივრცედ. ასევე შიდა ეზო წარმოადგენს ბუფერულ ზონას, საიდანაც ხდება ორივე შენობაში შესვლა. მანქანების ის რაოდენობა, რომელიც სატრანსპორტო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო ამ სივრცეში, ჩავიტანეთ ავტოფარეხში. გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სასწრაფოსა და სახანძრო მანქანების შესვლა. ტოპოგრაფია / მოცემული საპროექტო ტერიტორია საკმაოდ რთულ ტოპოგრაფიას წარმოადგენს. რელიეფიდან გამომდინარე საპროექტო ტერიტორია დაიყო სამ დონედ: უნივერსიტეტის ქუჩა, ეზო და ზედა სივრცე, რომელზეც საცხოვრებელი უბნის მშენებლობა არის დაგეგმილი. ტერიტორიაზე სამანქანო გადაადგილება შესაძლებელია საპროექტო ტერიტორიის აღმოსავლეთითა და დასავლელით გამოყოფილი სატრანსპორტო გზით. იმისათვის რათა უფრო მარტივად მოხდეს საფეხმავლო გადაადგილება, მოხდა პირდაპირი დაკავშირება შიდა ეზოსი ქუჩასთან. ხოლო უკანა შენობაში ღია კიბის საშუალებით შესაძლებელია ეზოდან პირდაპირ ზედა, საცხოვრებელ უბანში მოხვედრა. რთული რელიეფიდან გამომდინარე მართებულად მივიჩნიეთ ავტოფარეხში ჩასასვლელი და გამოსასვლელი ტოპოგრაფიულად შედარებით ხელსაყრელ ნაწილში მომხდარიყო. გეომეტრია და არქიტექტურული იერსახე / შენობების ფორმა მარტივ გეომეტრიას წარმოადგენს. წინა შენობა გეომეტრიულად ისე დაიყო, რომ შენობას მიეღო რიტმულობა, არ ყოფილიყო მონოლითური, თუმცა აღქმადობის თვალსაზრისით მაინც მთლიანობა შეენარჩუნებინა. შესაბამისად გამოიყო სამი გეომეტრიული მოცულობა, რომელთათვისაც, როგორც არქიტექტურული თემა შეირჩა სამი სხვადასხვა ტიპის სახურავი: სამკუთხედი, თაღოვანი და ბრტყელი გადახურვა, რომელზეც მოეწყო დიდი გამწვანებული ტერასა პერგოლას კონსტრუქციით. სახურავების გეომეტრიული ფორმები, ფასადის მსხვილ ელემენტებთან ერთად აძლევს შენობას ერთის მხრივ სოციალისტური მოდერნიზმის იერსახესა და ინდუსტრიულ ხასიათს, მეორეს მხრივ კი სძენს იდენტობასა და ავთენტურობას. უკანა შენობის მოცულობა შედგება ორი ნაწილისაგან, ქვედა ნაწილი არის მარტივი და მონოლითური, ხოლო ზედა ნაწილს აკრავს ოთხივე მხრიდან აივნები, რომლებიც მრგვალ კოლონებთან ერთად ქმნიან შენობის გარე შრეს. მეორე ფენას კი წარმოადგენს სხვადასხვა სიბრტყეზე მონაცვლე შუშის ელემენტები. ფუნქციური განაწილება / საპროექტო ტერიტორია დაყოფილია ორ ძირითად ნაწილად, საცხოვრებელ და კომერციულ ზონებად. უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 4-სართულიანი შენობა ითავსებს კომერციულ ფუნქციას, 8 - სართულიანი შენობის მთავარი ნაწილი კი უკავია საცხოვრებელს. ავტოფარეხი მდებარეობს მინუს ერთსა და მინუს ორ სართულებზე. მისი გამიჯვნა შესაძლებელია მარტივი საკონტროლო მექანიზმით საცხოვრებელი და კომერციული ნაწილებისთვის. საცხოვრებელი შენობის დაყოფა გადაწყდა სამ ნაწილად: ეზოს დონე დაეთმო მცირე ზომის ატელიებსა და სახელოსნოებს, მეორე და მესამე სართული კი დაეთმო სტუდენტური საცხოვრებლის ტიპოლოგიას, დანარჩენი ნაწილი კი უკავიათ ტიპიურ საცხოვრებელ ბინებს. ფუნქციბის შერჩევა მოხდა ადგილმდებარეობის მიხედვით: ატელიეები და სახელოსნოები ეზოსთვის ქალაქური ხასიათის გასაძლიერებლად, სტუდენტური ბინები და საერთო სამუშაო სივრცეები კი სტუდქალაქის სიახლოვისა და ახალ უბანში მათი ჩართულობისათვის. შენობის სტრუქტურა და კიბის უჯრედის მდებარეობა შერჩეულ იქნა ისე, რომ არცერთი საცხოვრებელი ბინა არ ყოფილიყო ორიენტირებული მხოლოდ ჩრდილოეთის მხარეს. წარმოდგენილი გეგმარება, მისი მარტივი სტრუქტურით, შესაძლებლობას იძლევა მცირედი ცვლილებით საცხოვრებელი და სტუდენტური ბინები სხვაგვარად გადანაწილდეს. უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსებულია, საოფისე, სასტუმრო, ფიტნესი, მცირე ზომის კომერციული ფართები, პატარა სუპერმარკეტი, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები. ეზოს დონეზე განაწილებულია პატარა მაღაზიები და მცირე ზომის კაფეები ტერასებით. მეორე და მესამე სართულებზე განთავსებულია ღია ტიპის საოფისე სივრცეები და მცირე ზომის სასტუმრო. მეოთხე სართული კი უკავია საგამოფენო, საკონფერენციო და მულტიფუნქციურ სივრცეებს. მინუს ერთ დონეზე არსებული მაღაზია ორიენტირებულია ქუჩის მხარეს. კონსტრუქცია და მასალები / ორივე შენობის მიწისზედა კონსტრუქცია წარმოადგენს მოდულარულ სისტემაზე განაწილებულ რკინაბეტონის კარკასს. სასურველია, შესაძლებლობის მიხედვით, კონსტრუქციის შესრულება მზა-ანაკრები ელემენტებით, რათა მოხდეს მშენებლობის დროისა და ღირებულების რაციონალურად შემცირება. საცხოვრებლის პირველი სამი სართული მოპირკეთებულია მცირე ფორმატის კერამიკული ფილებით. ზედა ნაწილი კი წარმოადგენს შემინული და პანელებით შესრულებულ ფასადს. საოფისე შენობის ზედაპირი წარმოადგენს ბეტონის მზა ელემენტებს. შიდა ეზოს ზედაპირი მოპირკეთებულია კვადრატული დიდი ზომის ბეტონის ფილებით, მათ შორის კი პიქსელურად განაწილებულია გამწვანებული ზონები.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია