Location: საქართველო, აჭარა, მტირალას მთა
პროექტის მთავარი იდეა აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი, კლიმატური და კულტურული თავისებურებების თანამედროვე არქიტექტურაში ინტეგრირებას ეფუძნება. კონცეფციის ჩამოყალიბებისას ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია განისაზღვრა. სწორედ ამ დამოკიდებულების თანამედროვე ინტერპრეტაციად იქცა ტურისტული თავშესაფრის იდეა - სახლი, რომელიც თავად გვევლინება მასპინძლად და დროებით იფარებს გზად მიმავალ ადამიანს. პროექტი განთავსებულია მტირალასთვის დამახასიათებელ ტყიან და უხვნალექიან გარემოში, რის გამოც არქიტექტურული გადაწყვეტა უშუალოდ ეხმიანება ბუნებრივ პირობებს. დახრილი სახურავი ხელს უწყობს წვიმის წყლის სწრაფ გადინებას და ამცირებს ტენის დაგროვების რისკს. ამავდროულად, ხეების სიმჭიდროვით გამოწვეული ბუნებრივი განათების ნაკლებობის საპასუხოდ, სახურავის ფორმა იცვლება და მასში ინტეგრირებულია ზედა განათების ელემენტი, რომელიც მზის სხივებს ინტერიერში შეღწევის საშუალებას აძლევს. გარე ტერასა კი შიდა სივრცის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს და მომხმარებელს გარემოსთან უშუალო კავშირს სთავაზობს. ადგილობრივ არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან კავშირი პროექტში ოდა სახლისთვის დამახასიათებელი ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაციით გამოიხატება. გამოყენებულია ტრადიციული ორნამენტები, რომლებიც შენარჩუნებულ ადგილობრივ იდენტობას თანამედროვე სივრცეში კულტურულ მნიშვნელობას მატებს. ამასთანავე, პროექტში გათვალისწინებულია ოდა სახლისთვის დამახასიათებელი ხის წყობის ტრადიციული ტექნიკა, რითაც ადგილობრივი სამშენებლო მემკვიდრეობა თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტას ერწყმის. შენობა მიწის ზედაპირიდან წერტილოვანი საძირკვლის საშუალებით არის აწეული. ეს გადაწყვეტა, ერთი მხრივ, პასუხობს ნესტიანი გარემოს პირობებს და შენობას მიწასთან უშუალო კონტაქტისა და ტენისგან იცავს, ხოლო მეორე მხრივ, ამცირებს ბუნებრივ გარემოში ჩარევის მასშტაბს. საძირკველი არ საჭიროებს რელიეფის ფართომასშტაბიან ამოჭრას, რაც არსებული ლანდშაფტის მაქსიმალურად შენარჩუნებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობას იძლევა. შენობის გეგმარება ეფუძნება მოქნილობისა და ადაპტირებადობის პრინციპს. მოძრავი ტიხრებისა და მოდულური ავეჯის საშუალებით ერთი და იგივე სივრცე სხვადასხვა დროს განსხვავებულ ფუნქციას იძენს. შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც საერთო დასვენებისა და ურთიერთობისთვის, ასევე უფრო კერძო და ინდივიდუალური სივრცეების შესაქმნელად. ამგვარად, თავშესაფარი არ განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევის ერთ კონკრეტულ სცენარს, არამედ თავად ერგება მის საჭიროებებსა და გარემოებებს. შედეგად, პროექტი აერთიანებს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას, ოდა სახლის არქიტექტურულ მემკვიდრეობას, მტირალას ბუნებრივ და კლიმატურ გარემოსა და თანამედროვე, ადაპტირებად არქიტექტურას. მისი მიზანია შეიქმნას არა უბრალოდ დროებითი საცხოვრებელი, არამედ გზად მიმავალი ადამიანისთვის „მასპინძელი სახლი“ სივრცე, რომელიც ნებისმიერ დროსა და სხვადასხვა ვითარებაში შეძლებს მის მიღებას, შეფარებასა და საჭიროებებზე მორგებას.







