მდებარეობა: თბილისი
თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქციის კონცეფცია მიზნად ისახავს მისი, როგორც თბილისის მთავარი საზოგადოებრივი სივრცის, ფუნქციის გაძლიერებას და თანამედროვე ურბანული მოთხოვნების შესაბამის გარემოდ გარდაქმნას. პროექტი მოედანს განიხილავს არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო კვანძს, არამედ როგორც მრავალფუნქციურ სივრცეს, სადაც თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება ქვეითს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველომომხმარებელს, გამწვანებასა და კულტურულ ცხოვრებას. კონცეფცია ეფუძნება სატრანსპორტო სქემის რეორგანიზაციას, ქვეითთა სივრცეების გაფართოებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიული მეხსიერების წარმოჩენას, XIX საუკუნის თეატრისა და ქარვასლის კონტურის აღნიშვნას, არქეოლოგიური ნაშთების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირებასა და მიწისქვეშა მუზეუმის მოწყობას. ეს ელემენტები მოედნის მრავალშრიან ისტორიას თანამედროვე ურბანული გამოცდილების ნაწილად აქცევს. შემოთავაზებული კონცეფცია აჩვენებს, რომ შესაძლებელია შეიქმნას სივრცე, რომელიც ერთდროულად პასუხობს თანამედროვე მობილობის მოთხოვნებს, იცავს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას და ქმნის მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ გარემოს. შედეგად, თავისუფლების მოედანი კვლავ იძენს ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციას, სადაც ბუნებრივად ერთიანდება ყოველდღიური ცხოვრება, კულტურული აქტივობები, ტურიზმი და ქალაქის ისტორიული იდენტობა. ამრიგად, წარმოდგენილი პროექტი წარმოადგენს არა მხოლოდ სივრცით რეკონსტრუქციას, არამედ თბილისის ისტორიული ცენტრის განვითარების ხედვას, რომელიც წარსულისა და თანამედროვეობის დაბალანსებული თანაარსებობის საფუძველზე აყალიბებს დედაქალაქის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ სივრცეს.








