Geo storage office

ავტორი: Ilana Abigail Slutsky. Studio Belvedere
ფართობი: 681 m2
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
Geo storage office
ავტორი: Ilana Abigail Slutsky. Studio Belvedere
ფართობი: 681 m2

მდებარეობა: Lisi Lake, Tbilisi, Georgia

დამკვეთი „ჯეო სთორიჯი“ დამიკავშირდა 2021 წელს, კომპანიას უკვე შერჩეული ჰქონდა შენობა, რომელიც ლისზე მდებარეობს. ის იყო მხოლოდ კედლებისაგან შემდგარი, სამსართულიანი ნაგებობა, ე.წ. შავი კარკასი“, რომელიც ზემოდან გადმოჰყურებდა დედაქალაქს და მისგან უმშვენიერესი ხედები იშლებოდა. შენობა, რომელზეც ვსაუბრობ, ოდესღაც, საცხოვრებელ სახლად ყოფილა ჩაფიქრებული, თუმცა, „ჯეო სთორიჯის“ უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა კონცეფცია, იცოდნენ, ამ ნაგებობისაგან რისი შექმნა, რად გარდასახვა უნდოდათ. კომპანიას კონცეფციაშივე გათვალისწინებული ჰქონდა ის სამედიცინო სტანდარტები, რომელსაც „ჯეო სთორიჯის“ საქმიანობა მოიაზრებდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ იმ სართულზე, სადაც ოფისი დაპროექტდებოდა, ინტერიერი ისე შექმნილიყო, რომ შიდა და გარე სივრცეში მაქიმალური გამჭვირვალობა და ხილვადობა შენარჩუნებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე ფუნქციონირებდა ბაზარზე, წინასწარ იყო განსაზღვრული პერსონალის წევრების რაოდენობა, იცოდნენ, ვის რა სპეციფიკის საქმე უნდა შეესრულებინა და ჩემი ამოცანა იყო, ინდივიდუალურად მომერგო თითოეული თანამშრომლისათვის საქმიანობისათვის ის სამუშაო სივრცე, რომელსაც შევქმნიდი. ამ პროექტზე მუშაობის პროცესში, მნიშვნელოვანი ასპექტი იყო იმის გათვალისწინებაც, რომ კომპანიას ხშირად მოუწევდა უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები, ამისათვის, ოფისში გავითვალისწინეთ ორი საკონფერენციო სივრცე, - შიდა და გარე. პირველი მათგანი კონკრეტულად „ჯეო სთორიჯის“ თანამშრომლებისთვის შეიქმნა, ხოლო შენობის მესამე სართულზე მდებარე მეორე სივრცე გათვლილია უცხოელ პარტნიორებთან ჩასატარებელი შეხვედრებისათვის. საკონფერენციო სივრცეები აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით, გათვლილია აკუსტიკური მხარეც, რომ შეხვედრებმა ვიზუალური თუ სმენითი აღქმის დატვირთვით, მაქსიმალურად პროდუქტიულად ჩაიაროს. როგორც უკვე აღვნიშნე, შენობას, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მშვენიერი ხედების ფუფუნება ჰქონდა, რაც, ცხადია მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ამჟამად „ჯეო სთორიჯის“ ოფისს აქვს უალამაზესი ტერასა, სადაც შესაძლებელია საქმიანი და სადღესასწაულო შეხვედრების მოწყობა. შევეცადე, ინტერიერი ისე დამეპროექტებინა, რომ შენობაში მყოფ ადამიანს გარე სივრცის მინიმალური დანაკარგი ჰქონოდა. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი დატვირთულია ვიტრაჟებით, - საპირფარეშოდანაც კი, რომელიც ასევე ვიტრაჟულია, შესანიშნავი ხედი იშლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც „ჯეო სთორიჯისთვის“ გაწეული მუშაობის პროცესში გავართვით თავი, დიდი მოცულობის კარადები იყო. კომპანიას, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევს, აწარმოოს და დაარქივოს უამრავი მატერიალური დოკუმენტი. ამისათვის, მეორე სართულზე, სადაც განთავსებულია „ჯეო სთორიჯის“ ძირითადი ოფისი, გავითვალისწინეთ მთელი კედლის ზომის სათავსო, რომლის ზედაპირიც შავი ფერის სარკისაგან შევქმენით. ამ გადაწყვეტილებამ, გარდა ფუნქციური დატვირთვისა, მოგვცა სიღრმის ეფექტი, რამაც ინტერიერში სივრცის აღქმა გაზარდა. შავი სარკეები, გარდა თავად ოფისისა, ძალიან ლამაზად ირეკლავს შენობის ირგვლივ არსებულ ხედებს. „ჯეო სთორიჯის“ ოფისში დავაპროექტე სამზარეულოც, რომელიც ვფიქრობ, დამფუძნებლების მიერ შემუშავებულ და პროექტში გატარებულ კონცეფციას ძალიან კარგად კრავს. მუშაობის პროცესში, თავისთავად გავიცანი კომპანიის ყველა თანამშრომელი და დავაფიქსირე, რომ ისინი სადილის დროს, იკრიბებოდნენ, ამზადებდნენ საჭმელს და დიდი ოჯახივით ერთად სადილობენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც შთამაგონა, რომ სითბოს, ერთიანობისა და სიყვარულის გამოხატულების სიმბოლოდ შესაბამისი სივრცე შემექმნა. ამასთან, ჩემი მიზანი ისიც გახლდათ, რომ სამზარეულოს ისე შეეთავსებინა ოჯახური სივრცის დატვირთვა, არ დაეკარგა ინდუსტრიული ხასიათი. აღსანიშნავია მაგიდები, რომელიც სპეციალურად „ჯეო სთორიჯისთვის“ შეიქმნა, ისინი ძალიან ფუნქციურ ხასიათს ატარებენ. საჭიროების შემთხვევაში, მაგიდების შეერთებით, თოთხმეტი ადამიანი სარგებლებს, ისე, რომ ერთმანეთს ხელს არაფერში უშლიან და არ ხდება პირადი სივრცის დარღვევა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მაგიდების დაყოფა და უფრო ნაკლებ თანამშრომელზე გადანაწილება, ისევე, როგორც მათი ტერასაზე გატანა. პლანეტის ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგიდები, რომლებსაც თანამშრომლები გამოიყენებდნენ, ისე დავამონტაჟეთ, რომ მათ დისკომფორტი არ შეექმნათ პანდემიური ვითარების დროსაც კი. შენობის მეორე სართულზე არსებული დახურული ვერანდაც აღჭურვილია დიდი ზომის მაგიდით, რომელზეც ასევე თოთხმეტი თანამშრომლისთვის საჭირო სამუშაო სივრცეა შექმნილი. ამით მინდოდა, გარემო მათ კომფორტზე მაქსიმალურად მომერგო და სურვილის შემთხვევაში, სეზონური ამინდების გათვალისწინებით, შესაძლებლობა ჰქონოდათ, მშვენიერი ტერასიდან ეკეთებინათ საკუთარი საქმე. „ჯეო სთორიჯის“ ოფისის კონცეფციის განუყრელი ნაწილია, რომ მისმა თანამშრომლებმა ძვირფას, კომფორტულ და მყუდრო გარემოში იგრძნონ თავი. დავამატებ, რომ ჩემი მუშაობის სტილი ობიექტის მაქსიმალური ბუნებრიობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ამიტომ „ჯეო სთორიჯის“ ოფისის ბეტონის ის ნაწილები, რომელთა შექმნაც პროექტის განხორციელების პროცესში მოგვიწია, არ დამიმუშავებია, უკვე არსებულ მასალას კი სხვადასხვა მეთოდით მივეცით ისეთი სახე, რომ სიახლეებს შეერწყმოდა და ერთიანი, ჰარმონიული სურათი მიგვეღო. პროექტირებისას, ძირითადად, გამოყენებულია ბეტონის, ხისა და რკინის მასალა. ვფიქრობ, თანამედროვე და ვინტაჟური ელემენტების შეთავსების გზით, საკმაოდ კარგად გავართვით თავი, რომ შენობამ, რომელსაც ინდუსტრიული ფუნქცია და ხასიათი აქვს, დროში ხანგრძლივად შეინარჩუნოს ტრენდული სახე.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია