მდებარეობა: თბილისის რკინიგზის სადგურის მოედანი
ცენტრალური რკინიგზის სადგურის მოედანი წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელს, მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც თავშეყრის მუდმივი წერტილია. ამ ადგილისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული გარემო, ასევე ფსიქო-ემოციური გავლენა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის კვლევამ აჩვენა, რომ ეს სივრცე არ არის ქვეითებისთვის უსაფრთხო გარემო, სამანქანო მოძრაობა ქაოსური და გადატვირთულია. ამასთან ერთად, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ავტომობილთა პარკინგს უკავია და არ არსებობს მწვანე სივრცეები. არქიტექტორებისთვის განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეზე მუშაობა, რადგან თვით საზოგადოება ირგებს დამკვეთის როლს. აუცილებელია, პრიორიტეტების სწორად გადანაწილება, ისტორიული ფონისა და სოციალური კვლევების გათვალისწინებით. ამ ყველაფრის საზოგადოების თვალით დანახვისას წარმოდგვიდგება ბარიერებით სავსე სივრცე. შესაბამისად, პროექტის მთავარი მიზანი ამ ბარიერების მოხსნა გახდა. უპირველეს ყოვლისა, გაჩნდა საზოგადოებრივი სივრცე და შეკრული ქვეითთა სამოძრაო სისტემა, რამაც ადამიანი გახადა მთავარი მოქმედი პირი. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსების გაჩერებები (8-10-12-18 მეტრიანი) მათი გაბარიტების გათვალისწინებით განთავსდა მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში. გაჩერებები დანომრილია და მათ შეესაბამება კონკრეტული მარშრუტის მქონე ავტობუსები. ელექტრონული საინფორმაციო კიოსკების მეშვეობით ადამიანს უმარტივდება სივცრეში ორიენტაცია და სასურველი გაჩერების პოვნა. ასევე, მოცემული კიოსკები ინფორმაციას იძლევა ადგილის ისტორიისა და რუკის შესახებ და შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გავრცელებაც. აქვეა საქალაქთაშორისო სამარშრუტე ტაქსების პარკინგიც. ხოლო ტაქსებს ცალკეული სამოძრაო ზოლი აქვთ, ესტაკადის ზედა ნაწილში. ფერითი აქცენტებით მარტივდება ამ გაშლილი სივრცის აღქმა. კერძო ავტომობილების პარკინგის ძირითადი ნაწილი კი მიწისქვეშაა, რომელსაც ქვეითებისთვის საზოგადოებრივ სივრცეში ამოსასვლელი აქვს და ასევე მიწისქვეშა სავაჭრო სივრცესაც უკავშირდება. ხოლო მათთვის ვისაც მატარებელთან უფრო ახლო წვდომა ესაჭიროება, რკინიგზის სადგურის შენობასთან ზედა დონეზე განთავსებულია კერძო ავტომობილების პარკინგი (pick-up, drop-off). ტერიტორიის დასავლეთ მხარეს შეიქმნა ტრანსფორმირებადი სივრცე, რომელმაც სივრცე მეტად მეტყველი გახადა ჩამვლელთათვის. მოედნის საერთო იერსახესა და დიზაინის დეტალებისთვის შეიქმნა მცირე არქიტექტურული ფორმები, რომლებშიც საერთო ფორმას ამოიცნობთ - ისინი მატარებლის ცხვირის ფორმას იმეორებს. მასალებად ღია ფერის ხე და ბეტონი შემოვიტანეთ, მარტივი და მსუბუქი იერსახისთვის. ასევე, გავითვალისწინეთ ის, რომ ეს ადგილი საკმაოდ მცხუნვარეა და ჩავსვით საჩრდილობლები და დავამატეთ ხეები. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნა უნივერსალური გარემო, უსაფრთხო გადაადგილების საშუალებითა და მარტივი კავშირებით.








