|
საზოგადოებრივი აზრი |
მდებარეობა: ქ.თბილისი,მცხეთის ქუჩა #2
პროექტის კონცეფცია ფართობი — 200 მ² მდებარეობა — მცხეთის ქუჩა №2, თბილისი, საქართველო საპროექტო ბინა მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში მრგვალ ბაღთან (ვაკეში); თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ საბჭოთა პერიოდის ელიტარულ საცხოვრებელ კორპუსში ე.წ. „ცეკას სახლში“. ბინის არსებული გეგმარება მნიშვნელოვნად საჭიროებდა გარდაქმნას — მცირე და ბნელი სამზარეულო, ერთი საერთო სველი წერტილი და ბუნებრივი განათების გარეშე არსებული საძინებელი ვერ პასუხობდა დამკვეთის მოთხოვნებს. ახალი გეგმარების საფუძველზე სივრცე მკაფიოდ დაიყო საერთო და პირად სივრცეებად, ხოლო ბუნებრივი განათებისა და ხედების მიმართულებები მაქსიმალურად იქნა გამოყენებული. მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთიან ღია სივრცედ ჩამოყალიბდა, მისაღები ოთახი ბინის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და დაკავშირებულია ეზოს მხარეს განთავსებულ ღია სამზარეულოსა და სასადილო ზონასთან. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ოჯახის მემკვიდრეობით მიღებულ როიალს. მისი განთავსება ჰოლსა და მისაღებს შორის არსებულ კედელთან არა მხოლოდ დამკვეთის სურვილის გათვალისწინებაა, არამედ სივრცეებს შორის ვიზუალური და ემოციური კავშირის შექმნის საშუალებაც გახდა. პირად ზონაში განთავსებულია სამი საძინებელი, მათ შორის „master bedroom“ ინდივიდუალური სველი წერტილით და „flex room“ — სივრცე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად ტრანსფორმირდება. სველი წერტილები და დამხმარე ფუნქციები ძირითადად ბინის ნაკლებად განათებულ ნაწილში განთავსდა, რათა საცხოვრებელი ოთახებისთვის ბუნებრივი სინათლისა და ხედების მქონე სივრცეები მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. პროექტის მიზანი იყო არსებული სივრცის ფუნქციური გარდაქმნა და ისეთი ინტერიერის შექმნა, სადაც თანამედროვე ცხოვრების წესი, ბუნებრივი გარემო და ოჯახის პირადი ისტორია ერთიან საცხოვრებელ გარემოდ ყალიბდება.














