მდებარეობა: თბილისი, გლდანის რაიონი, ქერჩის ქუჩა
მოცემული პროექტი წარმოადგენს 1970-იანი წლების დასაწყისში აგებული გლდანის ყოფილი #1 სამკერვალო-ტრიკოტაჟის ფაბრიკის ადაპტაციას, მასში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განთავსების მიზნით. პროექტი ეხმიანება მსოფლიოში დღესდღეობით ერთ-ერთ აქტუალურ - ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული ეკოლოგიური მდგომარეობის პრობლემას. მეოცე საუკუნის ურბანიზაციისა და დეინდუსტრალიზაციის შედეგად მასიურად გაჩნდა მიტოვებული ნაგებობები, რომლებიც უწინ მძიმე და მსუბუქი მრეწველობისათვის გამოიყენებოდა. ამ ვითარებიდან ორი გამოსავალია: ფუნქციადაკარგული ნაგებობა დაინგრეს ან ახალი დანიშნულება შეიძინოს, რაც ამცირებს სამშენებლო ნარჩენების დაგროვებას და მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე მიყენებული ზიანი. წარმოდგენილი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ტრიკოტაჟის ფაბრიკა გარდაქმნილია მულტიფუნქციურ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად, რაც წარმოაჩენს გლდანის რაიონის ალტერნატიული გზით განვითარების დადებით მხარეებს, ვინაიდან რაიონში ყველაზე მწვავედ იგრძნობა კულტურული ობიექტების სიმცირე. მსგავსი ობიექტის დედაქალაქის გარეუბანში განთავსება ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის განტვირთვას და გარეუბნების გამოცოცხლებას. ყოფილი სამკერვალო ფაბრიკა ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების მიხედვით გეგმარებით კარკასში ექცევა, რის გამოც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საერთო საქალაქო მნიშვნელობის, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით შენობაში შენარჩუნებულია ინდუსტრიული ესთეტიკა, რომელიც გარდაქმნილია დინამიურ, მულტიფუნქციურ სივრცედ, არსებული შენობის დეტალების ტექსტურის, ფორმისა და ატმოსფეროს შემხედვარე, გონებით გადავდივართ ისტორიულ დროსა და სივრცეში. საპროექტო ტერიტორია გლდანის რაიონში, ქერჩის ქუჩაზე არსებულ 42,660 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. ტერიტორია საკმაოდ ქანობიანია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს საპროექტო შენობის სივრცით და გეგმარებით თავისებურებებს. აბსოლიტური ნიშნულები მერყეობენ 462.25 - 477.11 მეტრის ფარგლებში. საპროექტო ტერიტორია რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო გზის გასწვრივ მდებარეობს, შესაბამისად, დამთვალიერებლებს მუზეუმის ტერიტორიაზე მოხვედრა მარტივად შეუძლიათ როგორც კერძო სატრანსპორტო საშუალებებით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კომპლექსი ერთროულად 3500-4000 დამთვალიერებელზეა გათვლილი. შენობა, ისევე, როგორც მის მიმდებარედ გაშენებული პარკი, სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ადაპტაციის ფარგლებში შენობის დამატებას წარმოადგენს პანდუსების მთელი სისტემა, რომელიც გადაადგილებას უმარტივებს, არა მხოლოდ ეტლით მოსიარულე პირებს, არამედ ყველა იმ ვიზიტორს, რომელსაც სურს, რომ ექსპოზიცია ერთ მთლინობად, დანაწევრების გარეშე აღიქვას. მუზეუმის ცენტრალური ნაწილი მოიცავს ვრცელ და მრავალფეროვან საგამოფენო სივრცეებს, რომლებიც გააზრებულადაა შექმნილი სპეციალურად თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებისათვის. მუზეუმის ადაპტირებადი განლაგება უზრუნველყოფს, რომ სივრცე სხვადასხვანაირად მოერგოს ახალ ექსპოზიციას და ერთმანეთს ორგანულად შეუთავსოს, როგორც მხატვრობა და ქანდაკება, ისე ციფრული ინსტალაციები და ინტერაქციული ექსპონატები. გარდა საგამოფენო სივრცეებისა, შენობაში განთავსებულია ადმინისტრაციული და სასწავლო სივრცეები. პროექტში დიდი ადგილი ეთმობა საგანმანათლებლო ფუნქციას. შენობაში გამოყოფილია სალექციო აუდიტორიები, სემინარების ოთახები, რაც ხელს უწყობს ხელოვნების მოყვარულთა პროფესიულ ზრდას, იდეების გაცვლას და კრეატიულად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდას. შენობაში ასევე განთავსებულია მყუდრო კაფეები და სხვადასხვა სოციალური ზონები, რომლებიც სტრატეგიულადაა განაწილებული მთელ შენობაში. ეს სივრცეები საშუალებას აძლევს ვიზიტორებს ჩაერთონ დისკუსიაში, იმ ხელოვნების ნიმუშების შესახებ, რომლებიც იხილეს. საპროექტო შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს ანაკრები რკინა-ბეტონის კარკასს. სართულშუა გადახურვას წარმოადგენს ანაკრები რკინა-ბეტონის წიბოვანი ფილა. საძირკველი წერტილოვანია. ადაპტაციის ფარგლებში ყოფილი ფაბრიკის სტრუქტურის დამატებას წარმოადგენს ორ მონოლითურ ბირთვზე დაყრდნობილი გადასასვლელი ხიდი/გალერეა. ხიდის კონსტრუწციას წარმოადგენს ფოლადის ფერმა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია განივი ფერმით და გადახურვის დონეებზე ჰორიზონტალური კავშირებით, ხოლო ვერტიკალურ კავშირებს წარმოადგენს განივი ფერმები. საპროექტო ტერიტორიაზე განსაზღვრულია სივრცე, როგორც ღია, ისე დახურული ავტოსადგომისთვის. ღია ავტოსადგომზე შესაძლებელია 120-მდე ავტომობილის და ავტობუსების, ხოლო დახურულ ავტოსადგომზე 400-მდე ავტომობილისა და 100-მდე მოტოციკლეტისა და სკუტერის განთავსება. ასევე მთელს ტერიტორიაზე მოწყობილია ველოსიპედებისა და სქროლების გასაჩერებელი ადგილები. შენობის ფასადები ძირითადად სპილენძისფაქტურიანი და მუქი მწვანე ლითონის პანელებითაა მოპირკეთებული. პროექტში ასევე გამოყენებულია ვენტილირებადი ფასადის პრინციპი სხვადასხვა ფაქტურის კომპოზიტური პანელებით. შენობის ფასადების ნაწილზე შენარჩუნებულია არსებული შენობის დეტალები - დამუშავებული ბეტონის ფაქტურა, სხვადასხვა ბუნებრივი ქვის წყობა, ღიობებში ჩასმულია შავი ფერის ალუმინის კარ-ფანჯარა, ასევე შენობაში გაჭრილი ატრიუმების თავზე მოწყობილია ზენიტური განათება. აგრეთვე, ფასადების ნაწილზე მოწყობილია ვერტიკალური გამწვანება. პროექტში ასევე დანერგილია ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიების წყაროების გამოყენების კუთხით - სახურავებზე მოწყობილია მოძრავი მზის პანელები, რომლებიც მთლიანად უზრუნველყოფს შენობის ელექტროენერგიით მომარაგებას. ასევე ხდება წვიმის წყლის შეგროვება სპეციალურ ავზებში, რომელიც გამოიყენება ტერიტორიზე არსებული და ახლადდარგული მცენარეების მოსარწყავად. ადაპტაციის ფარგლებში, შენობა თავიდან ბოლომდე აღჭურვილია თანამედროვე ხანძარქრობის სისტემებით. პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლანდშაფტურ არქიტექტურასაც, გამომდინარე იქიდან, რომ შენობის შიდა ეზოებში ეწყობა დროებითი ექსპოზიციები. მიმდებარე ბაღში კი ქანდაკებებისა და ინსტალაციების მასივია წარმოდგენილი. მუზეუმის ეს დამატება შლის ინტერიერისა და ექსტერიერის საზღვრებს და ხელს უწყობს დიალოგს ბუნებასა და ადამიანის შემოქმედებას შორის. ამგვარად, პროექტი საშუალებას იძლევა ერთ დროს ინდუსტრიულმა შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინოს, დააკავშიროს ძველი და მომავალი თაობები, ხისტი სტრუქტურა გადააქციოს კულტურული მემკვიდრეობის, ცოდნის, გამოცდილებისა და შთაგონების კერად.